სათაფლია

ტურისტული მარშრუტები:

სათაფლიას აღკვეთილი

მანძილი: 2.3 კმ

ხანგრძლივობა: 2სთ

სირთულე: საფეხმავლო, მარტივი

მთავარი ღირსშესანიშნაობები: კოლხური ტყე, იურული პერიოდის პარკი, მუზეუმი, დინოზავრის ნაკვალევის საკონსერვაციო ნაგებობა, შუშის პანორამული გადასახედი, კარსტული მღვიმე

სათაფლიას მარშრუტი იყოფა შემდეგ მონაკვეთებად: კლდის ბილიკი, საგანმანათლებლო ბილიკი, კოლხური ტყე და შუშის პანორამული გადასახედი.

  1. კლდის ბილიკი / 210 მ.20 წთ.საფეხმავლო,მარტივი/

კლდის ბილიკი იწყება იურული პერიოდის პარკის ბოლოდან და სათაფლიას დაცულ ტერიტორიებს სამხრეთის მხრიდან მიუყვება.გზად გვხვდება გაშიშვლებული კირქვის კლდეები და კოლხური ტყისათვის დამახასიათებელი მცენარეული საფარი.ბილიკის ცენტრალურ ნაწილში მოწყობილია სპეციალური გადასახედი მოედანი,საიდანაც იშლება ქ.ქუთაისის ხედები.აქედან მოჩანს გელათი,რომელიც UNESCO-ს ძეგლთა დაცვის სიაშია შესული.მოპირდაპირე მხარეს კი ე.წ. „თაფლის მთაა“.დაცული ტერიტორია ნაკვალევისა და კარსტული მღვიმის აღმოჩენამდე ცნობილი იყო,როგორც ველური ფუტკრის ძლიერი პოპულაციის საუკეთესო საბინადრო გარემო.ადგილობრივი მოსახლეობა ოდითგანვე დაკავებული იყო მეფუტკრეობით.თაფლის უხვი მოსავლიანობის გამო მთას ეწოდა ‘’სათაფლია’’.ბილიკიო მთავრდება მღვიმეში შესასვლელ ჰერმეტულ კარებთან.

  1. საგანმანათლებლო ბილიკი/1,6 კმ.1 სთ.30 წთ. საფეხმავლო,მარტივი/

სახელწოდებიდან  გამომდინარე,ბილიკი განკუთვნილია საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის ღია გაკვეთილებისა და სხვადასხვა შემეცნებითი ღონისძიებების ჩასატარებლად.ბილიკზე შესაძლებელია კოლხური ტყის,მუზეუმისა და პეტრე ჭაბუკიანის მემორიალის მონახულება.ბილიკი იწყება ცენტრალური შესასვლელიდან.ვიზიტორებს საშუალება აქვთ დააკვირდნენ ცოცხალი ორგანიზმების განვითარების სტადიებს,რაც წარმოდგენილია ექსპოზიციის სახით.ბილიკის გამოსასვლელიდან 100 მეტრში მდებარეობს საგანმანათლებლო მუზეუმი,სადაც ვიზიტორი მიიღებს სრულ ინფორმაციას სათაფლიის დაცული ტერიტორიის შესახებ.

  1. კოლხური ტყე/300 მ. 20წთ. საფეხმავლო,საგანმანათლებლო,მარტივი/

კოლხური ტყის ბილიკი იწყება ცენტრალური შესასვლელიდან 300 მეტრში.ეს არის წრიული ბილიკი და განკუთვნილია სასკოლო ჯგუფებისათვის.ბილიკზე ვიზიტორებს საშუალება აქვთ გაეცნონ კოლხური ტყის ელემენტებს და მერქნიან მცენარეებს,რომელთა თითქმის ნახევარი რელიქტურია. ესენია:წაბლი,იმერეთის ხეშავი,კოლხური ჯონჯოლი,ბზა და სხვა; ასევე,საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი იშვიათი და გადაშენების პირას მცენარეების სახეობებს.

  1. შუშის პანორამული გადასახედი /1000მ. 40წთ. საფეხმავლო,მარტივი/

შუშის პანორამული გადასახედი შესასვლელიდან 500 მეტრში მდებარეობს.ბილიკი იწყება ცენტრალურ შესასვლელში. გზად ვიზიტორებს  საშუალება აქვთ დაათვალიერონ ცოცხალი ორგანიზმების განვითარების სტადიები. წიფლნარის გავლის შემდგომ იშლება იმერეთის თვალწარმტაცი ხედი.აქედან შეუიარაღებელი თვალით აღიქმება ქ.ქუთაისი,დავით აღმაშენებლის მიერს XII საუკუნეში აგებული გელათის მონასტერი,დასავლეთ საქართველოში ყველაზე დიდი მდინარის - რიონის ხეობა და უნიკალური ჭაობების სამფლობელო - კოლხეთის დაბლობი.გადასახედის სიმაღლე დაახლოებით 80-100 მეტრია.მიმდებარე ტერიტორია კი შერეული ტყის ტიპით არის წარმოდგენილი.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

სათაფლიას აღკვეთილი

ტელეფონი: +995 595 08 60 59

ელ. ფოსტა:   lashakikvidze888@gmail.com

Facebook: იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიები/Imereti Caves Protected Areas

დაცული ტერიტორიების სააგენტო

ტელეფონი: +995 577 90 72 72;  2 72 03 88. 153

ელ.ფოსტა: info@apa.gov.ge

Facebook: www.facebook.com/protectedareas.ge

<< უკან დაბრუნება