მტირალას ეროვნული პარკი მდებარეობს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ბათუმიდან დაახლოებით 20 კმ-ის მანძილზე, შავი ზღვის სიახლოვეს (მანძილი ზღვიდან პარკის უახლოეს პუნქტამდე 12 კმ-ია). პარკი წარმოადგენს სხვადასხვა მდინარეებით დაქსაქსულ მთაგორიან ტერიტორიას. მისი უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან 1762 მ-ის სიმაღლეზე, პარკის საზღვრებს გარეთ მდებარე მთა მორვილის სიახლოვეს ფიქსირდება. ეროვნული პარკის ტერიტორიაზე არსებული მდინარეებიდან ყველაზე დიდია ჩაქვისწყალი. მტირალა მცირე კავკასიონის უკიდურეს დასავლეთ ნაწილად შეიძლება ჩაითვალოს. იგი აჭარა-იმერეთის ქედის დასავლეთ ნაწილში, ქობულეთი-ჩაქვის ქედზე მდებარეობს. პარკის შუაგულშია მოქცეული ერთადერთი დასახლება სოფელი ჩაქვისთავი, თუმცა, მისი ტერიტორია პარკს არ მიეკუთვნება. მტირალას ეროვნული პარკი ტყითაა დაფარული და ჩრდილო-აღმოსავლეთით კინტრიშის ნაკრძალს ესაზღვრება.
მტირალას ეროვნული პარკის ფართობი შეადგენს 15 698.8 ჰა-ს და იგი დაყოფილია სამ: ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ქედის უბნებად.
ეროვნული პარკის ფუნქციონალური ზონებია: მკაცრი დაცვის ზონა (ეროვნული პარკის ტერიტორიის 15,7%), ვიზიტორთა ზონა (51,4 %) და ტრადიციული გამოყენების ზონა (32,9 %).
საკონტაქტო ინფორმაცია:
მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაცია
ტელეფონი: +995 577 10 18 89
ელ. ფოსტა: makharadze22@gmail.com
Facebook: www.facebook.com/MtiralaNationalPark
დაცული ტერიტორიების სააგენტო
ტელეფონი: +995 577 90 72 72; 2 72 03 88, 153
ელ. ფოსტა: info@apa.gov.ge
Facebook: www.facebook.com/protectedareas.ge


