თბილისის ეროვნული პარკი

თბილისის ეროვნული პარკი 1957 წელს საგურამოს ნაკრძალის ბაზაზე დაარსდა. იგი თბილისიდან 25 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. შეიქმნა საქართველოს ტყის თავისებურებების და მისი მკვიდრი სახეობების დაცვის მიზნით, მათ შორის, იმგვარი იშვიათი სახეობების, როგორიცაა კავკასიური ირემი და ფოცხვერი. თბილისის ეროვნული პარკის ფართობი 21036,14 ჰექტარს შეადგენს.

თბილისის ეროვნული პარკი ზომიერად ტენიან ჰავის ზონას მიეკუთვნება. აქ ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი ზაფხული იცის. ნალექების წლიური რაოდენობა საშუალოდ 523-720 მმ.-ს შეადგენს. საშუალო წლიური ტემპერატურა იანვრისთვის -0.5°C, აგვისტოსთვის კი - +24,1°C-ია. გეომორფოლოგიურად ტერიტორია მრავალრიცხოვანი მთებით, ფერდობებით და ხეობებით შეკრულ მიდამოს წარმოადგენს. უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან 1385 მეტრს აღწევს.