ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები

საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთით, ისტორიულ ქიზიყში მდებარეობს ვაშლოვანის დაცული ტერიტორია (დედოფლისწყაროს რაიონი). კახეთის ორ მთავარ მდინარეს, იორსა და ალაზანს შორის მოქცეული დაცული ტერიტორიები აერთიანებს სახელმწიფო ნაკრძალს, ბუნების ძეგლებსა და ეროვნულ პარკს.

ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი შეიქმნა 1935 წელს ორი დიდი ქართველი მეცნიერისა და ბუნების ქომაგის - ნიკო კეცხოველის და ვასილ გულისაშვილის ინიციატივით. ნაკრძალის ტერიტორია (საერთო ფართობი 10 143 ჰა) მოიცავს პანტიშარასა და ვაშლოვანის მასივს. მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 300-600 მ-ს შორის მერყეობს.

დაცული ტერიტორიების გაფართოების მიზნით 2003 წელს დაარსდა ვაშლოვანის ეროვნული პარკი (ფართობი - 24 610 ჰა). ამავე წელს, ვაშლოვანის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიქმნა საქართველოში პირველი ბუნების ძეგლები: ალაზნის ჭალის ბუნების ძეგლი (კაკლისყურე), არწივის ხეობა და ტახტი-თეფას ტალახის ვულკანები - შედარებით მცირე ზომის, მაგრამ განსაკუთრებული ბუნებრივი ფასეულობების მქონე ტერიტორიები. ამჟამად ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მთლიანი ფართობი შეადგენს 35 067,50 ჰა-ს.

ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები ვიზიტორებს სთავაზობს 8 სალაშქრო, ველო, საგანმანათლებლო და კულტურულ ტურს. ბილიკები მარკირებულია და განსხვავდება ერთმანეთისაგან ხანგრძლივობისა და სირთულის მიხედვით.

ვაშლოვნის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია ასევე გთავაზობთ სამანქანე ტურებს - Safari Tours. შეგიძლიათ ისარგებლოთ „საფარი ტურის“ რამდენიმე მარშრუტით: 1. არწივის ხეობა - ხორნაბუჯი - წმ. ელიას მთა; 2. ტახტი-თეფას ბუნების ძეგლი; 3. პანტიშარა-დათვისხევი; 4. კაკლისყურე - შავი მთა. ავტომობილში შესაძლებელია 10 ვიზიტორის კომფორტულად განთავსება.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია

ტელეფონი: +995 577 10 18 49

ელ. ფოსტა: info@apa.gov.ge    nseturidze13@gmail.com

www.apa.gov.ge                     

Facebook: ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები / Vashlovani Protected Areas

 

დაცული ტერიტორიების სააგენტო

ტელეფონი:  +995 577 90 72 72; 2 72 03 88, 153

ელ. ფოსტა: info@apa.gov.ge 

www.apa.gov.ge

Facebook: www.facebook.com/protectedareas.ge