თუშეთის დაცული ტერიტორიები მდებარეობს საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ახმეტის მუნიციპალიტეტში და მოიცავს მაღალ მთათა სისტემას (ზღვის დონიდან 1500 – 4500 მ). აღსანიშნავია, რომ თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე მდებარე აბანოს უღელტეხილი მსოფლიოს გეოგრაფიული საზოგადოების (National Geographic Society) მიერ მოიაზრება, როგორც ევროპისა და აზიის გასაყარი წერტილი, რომელიც კონტინენტს ორ ნაწილად ყოფს.
ევროპისა და აზიის კონტინენტებად დაყოფა და მათ შორის საზღვრის გავლება პირობითია ფიზიკური საზღვრის არარსებობის გამო.
ამ ორგანიზაციის დეფინიციით საზღვარი კავკასიონის წყალგამყოფს მიუყვება და საქართველოს ტერიტორია ორ კონტინეტზე ხვდება. ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილი არის ევროპის ტერიტორიაზე, ხოლო დანარჩენი - აზიის. ასეთი განმარტებით საქართველო ტრანსკონტინენტური სახელმწიფო - ქვეყანაა და მისი ტერიტორიის ერთი ნაწილი ევროპის, ხოლო მეორე - აზიის კონტინენტზე მდებარეობს. და, თუშთისაკენ მიმავალი გზაც სწორედ ამ ორ კონტინენტს შორის საზღვარს - აბანოს უღელტეხილს კვეთს.
თუშეთი მრავალმხრივ საინტერესო კუთხეა. ტრადიციულმა მეცხვარეობამ თუშეთში ხალხური რეწვის განვითარებას შეუწყო ხელი. თუში ქალები მატყლისაგან მართლაც რომ საოცრად ლამაზ და სადა, ბუნებრივი საღებავებით შეფერილ ნაკეთობებს ქმნიან - წინდებითა და ჩითებით დაწყებული, თუშური ფარდაგებით დამთავრებული.
თუშეთის ეკოსისტემების შესანარჩუნებლად, მისი ფლორისა და ფაუნის დასაცავად, ჯერ კიდევ, 1980 წელს შეიქმნა თუშეთის ნაკრძალი, რომელიც, ბაწარისა და ბაბანეურის ნაკრძალებთან ერთად, ახმეტის ნაკრძალის შემადგენლობაში შევიდა. 2003 წელს, გარემოს გლობალური ფონდისა (GEF) და მსოფლიო ბანკის (WB) მხარდაჭერით, შეიქმნა თვისობრივად ახალი - თუშეთის დაცული ტერიტორიები, სადაც გაერთიანდა თუშეთის ნაკრძალი, თუშეთის ეროვნული პარკი და თუშეთის დაცული ლანდშაფტი. ამ ტერიტორიებიდან ყველაზე დიდი ეროვნული პარკია. თუშეთის დაცული ტერიტორიების საზღვრები მიუყვება თავად თუშეთის ისტორიულ ადმინისტრაციულ საზღვარს, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო საზღვარს საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის.
